ინტერვიუების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზისათვის

Main Article Content

იულიან ჰაშე
გიორგი ჯღარკავა
სოფიკო ბერულავა

ანოტაცია

ქართულ სამეცნიერო სივრცეში პოლიტიკური დისკურსის მეცნიერული ანალიზი განსაკუთრებით ბოლო წლებში გახდა აქტუალური (მსახურაძე 2013; ადეიშვილი 2013; მშვენიერაძე 2014; გაგოშიძე 2016; თანდაშვილი 2020ა; თანდაშვილი 2020ბ; თანდაშვილი, ცეცხლაძე 2022), თუმცა აღნიშნული კვლევები საკუთრივ ლინგვოპოლიტოლოგიის, როგორც შედარებით ახალი ჰუმანიტარული დისციპლინის, პერსპექტივიდან ნაკლებად ხორციელდება. წინამდებარე ნაშრომის მიზანია ერთი თანამედროვე პოლიტიკოსის ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს მაგალითზე კონკრეტული პოლიტიკური დისკურსის ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი. ნაშრომში გამოყენებული კვლევის მეთოდოლოგია განსაზღვრულია საკვლევი თემის ინტერდისციპლინური ბუნებით. კერძოდ, ემპირიული მასალა გაანალიზებულია კრიტიკული და შინაარსობრივი ანალიზის, აგრეთვე, სტატისტიკური კვლევის მეთოდების მიხედვით. აღნიშნული მეთოდოლოგია საშუალებას იძლევა ლინგვოპოლიტოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით (პოლიტიკური მეტყველების ენობრივი ანალიზის პერსპექტივიდან) აღიწეროს და გაანალიზდეს წარმოდგენილი მასალა. ცხადია, ერთი ინტერვიუს ფარგლებში პოლიტიკოსის ენობრივი პროფილის გამოკვეთა შეუძლებელია; ამისთვის გაცილებით მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მასალაა საჭირო, თუმცა ნაშრომში საგანგებოდ არის ყურადღება გამახვილებული ენობრივი ანალიზის სტატისტიკურ სურათზე, რაც თვისობრივად მნიშვნელოვანი და საინტერესო წინასწარი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.


სტატიაში გაანალიზებულია ქართველი პოლიტიკოსის ინტერვიუ როგორც სტრუქტურულად, ისე სემანტიკურ-პრაგმატული თვალსაზრისით. ინტერვიუ, რომელიც 37,35 წუთს მოიცავს, სამ ნაწილად არის დაყოფილი სასაუბრო თემის მიხედვით: 1-ელი ნაწილი ეხება კულტურის სფეროს (4 წუთი), მეორე ნაწილი – საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და პრეზიდენტის ბრიფინგს (26 წუთი), მესამე ნაწილი კი – კვლავ კულტურის თემას (7 წუთი).


ინტერვიუს პირველი ნაწილი მოიცავს 10 წინადადებას (330 სიტყვა), ძირითადად, შეფასებითი ხასიათისაა და სენტიმენტის თვალსაზრისით პოზიტიურია:
ტაბულა 1


mceclip0-9a87de4b45d2fde87748e5c766c1be5c.png


ინტერვიუს მეორე ნაწილი ვრცელია (27 წუთი, 135 წინადადება, 2455 სიტყვა); საუბარი მხოლოდ პოლიტიკურ თემებს ეხება; პოლიტიკოსის შეფასებები მწვავე და კრიტიკულია. პრეზიდენტის ბრიფინგთან, სხვადასხვა პირთან, ფაქტებთან და მოვლენებთან მიმართებით იგი ხშირად იყენებს უარყოფითი კონოტაციის მქონე ისეთ ზედსართავ სახელებს, როგორებიცაა: დესტრუქციული, მატყუარა, გაფუჭებული, მძიმე, თავსმოხვეული, დაყოფილი, დაქსაქსული, გაბრაზებული, გაუგონარი, არაფრისმაქნისი, უმაქნისი, ნეგატიური. სპიკერი საუბრისას არ ერიდება სარკაზმს.
შეფასების ფორმულების გამოყენების სიხშირე:
ტაბულა 2


mceclip1-6137759139ab8a01da3405fb857e5730.png


mceclip2-f38a920e58a3e24caa87a2a95dc2d2e2.png


სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (26) უარყოფით შეფასებას აქვს, შემდეგ მოდის კრიტიკა (14) და ბრალდება (7).


მესამე ნაწილი ეძღვნება კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც საკმაოდ მწვავე და რეზონანსული იყო. შესაბამისად, პოლიტიკოსის კომენტარი ერთგვარი ახსნა-განმარტება და შეფასებაა ამ მოვლენებისა.
შეფასების ფორმულების გამოყენების სიხშირე:


ტაბულა 3


mceclip3-7d25a1ee6d1dcd09bb7558a421b54f97.png


აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში პოლიტიკოსის გამოსვლა ხასიათდება პერსუაზიის მაღალი ხარისხით. ჯამში, მე ნაცვალსახელის ექსპლიციტური გამოყენების 30 შემთხვევა დასტურდება:


ტაბულა 4


mceclip4-070f6273518bfb8776f9a3ba73c4029b.png


მე ნაცვალსახელის ექსპლიციტური გამოყენება უმეტესად პერსუაზიის ხერხების გამოყენებისას დასტურდება: მე ვფიქრობ (2), მე ასე მგონია, მე ამის მჯერა (3), მე ასე მჯერა, მე მჯერა, მჯერა (2), მე ასე ვიტყოდი (1), მე ...ვიცი, მე მოველოდი (1), მე ამის მინდა მჯეროდეს (1), მე ამის რწმენა მაქვს (1), მე არ წარმომიდგენია (1).
ხშირია აგრეთვე პერსუაზიის კომპლექსური ხერხების გამოყენება, მათ შორის, მსმენელის თანამოაზრედ ჩართვა გამონათქვამში თქვენც შეაჩნიეთ და საკუთარი პოზიციის გამყარება არ უნდა მეშლებოდეს. საგულისხმოა, რომ პერსუაზიის კომპლექსური ხერხების გამოყენებისას პოლიტიკოსი უარს ამბობს კატეგორიულ ტონზე და გამონათქვამის შესარბილებლად იყენებს მოდალურ ელემენტებს: ალბათ და მგონია.


ზემოთ მოყვანილ საკითხებთან ერთად, სტატიაში ასევე გაანალიზებულია პოლიტიკოსის ინტერვიუ სიხშირული თვალსაზრისით. კერძოდ, ერთმანეთთან შეპირისპირებულია ლექსიკური და ფუნქციური ელემენტების გამოყენების სიხშირე, რაც კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის ენობრივი პროფილის დახასიათების საშუალებას იძლევა.

გამოქვეყნებული: Dec 20, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
პოლიტიკური ლინგვისტიკა