ფუნქციური სიტყვების ანალიზი ქართულ პოლიტიკურ დისკურსში: ახალი პერსპექტივა

Main Article Content

ანასტასია ყამარაული

ანოტაცია

წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური რიტორიკის რაოდენობრივ-ლინგვისტური და რეგისტრულ-ანალიტიკური კვლევის შედეგები. კორპუსლინგვისტური კვლევა განხორციელდა პოლიტიკოსის გამოსვლების 25 შერჩეული ტექსტის ბაზაზე, რომელიც დაყოფილია სამ ფუნქციურ რეგისტრად: ოფიციალური განცხადებები, მიმართვები და ინტერვიუები. სტატიაში წარმოდგენილია ლექსიკური მრავალფეროვნების კოეფიციენტის (TTR), გიროს ინდექსისა და ლექსიკური სიმკვრივის სისტემატური ვარიაციები დისკურსის სხვადასხვა რეჟიმში. კვლევის თეორიულ ჩარჩოს წარმოადგენს მაიკლ ჰალიდეის რეგისტრების თეორია და მაიკლ გრეგორის დიატიპური ვარიაციის მოდელი, რომლის საშუალებითაც გაანალიზებულია, თუ როგორ ქმნიან სალაპარაკო და წერილობითი არხების კოგნიტური შეზღუდვები პოლიტიკური ენის მიკროლინგვისტურ ნიმუშებს. ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ზეპირმეტყველების კვლევამ შერჩეული ნიმუშების მაგალითზე გვიჩვენა, რომ პოლიტიკური დისკურსი იკავებს ჰიბრიდულ პოზიციას სალაპარაკო და წერილობით მოდალობებს შორის. ლექსიკური მრავალფეროვნების საზომების მათემატიკური დამოკიდებულება ტექსტის მოცულობაზე მეთოდოლოგიურად განიხილება კორექტირების ტრანსფორმაციების საშუალებით, კერძოდ, გიროს ინდექსით. გარდა ამისა, კვლევა კონტექსტუალიზაციას უკეთებს ემპირიულ შედეგებს ქართული ენის მორფოსინტაქსური ტიპოლოგიის ფარგლებში. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუებში გამსახურდიას სპონტანური დისკურსი ფუნქციურად სიტყვებით მდიდარი, რელაციური კლაუზური გრამატიკისკენ (Relational Clausal Grammar ან RCG) იხრება, მისი ტექსტები საერთო ჯამში ინარჩუნებს განსაკუთრებით მაღალ ლექსიკურ სიმკვრივეს, რაც ტიპიურია ღრმად შეკუმშული, სახელური ფრაზების გრამატიკისათვის, რომელიც ტრადიციულად დაგეგმილი, წერილობითი ენისათვის არის დამახასიათებელი. მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ანალიზი აჩვენებს, რომ სტანდარტულ რაოდენობრივ მეტრიკებს გააჩნია სერიოზული შეზღუდვები, როდესაც ისინი გამოიყენება ქართული ენის მიმართ. შესაბამისად, კვლევა ცხადყოფს ქართულ ენაზე მორგებული სპეციფიკური ადაპტირებული მოდელების შემუშავების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას მორფოსინტაქტურად რთულ ენებში ისეთი მეტრიკების ვალიდური გამოყენება, როგორიცაა TTR და ლექსიკური სიმკვრივე.

საკვანძო სიტყვები:
კორპუსლინგვისტიკა, პოლიტიკური ლინგვისტიკა, ქართული პოლიტიკური დისკურსი, ფუნქციური სიტყვები
გამოქვეყნებული: სექ 17, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
პოლიტიკური ლინგვისტიკა