ზემოთ/ქვემოთ და წინ/უკან: ორიენტაციული მეტაფორები ქართულ პოლიტიკურ დისკურსში
Main Article Content
ანოტაცია
ორიენტაციული მეტაფორა ერთ-ერთ ფუნდამენტურ კოგნიტიურ მექანიზმს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ადამიანები აბსტრაქტულ ცნებებს ფიზიკური სივრცის აღქმის საფუძველზე წარმოვიდგენთ. ქართული პოლიტიკური დისკურსი მდიდარია მსგავსი ხატოვანი გამოთქმებით. ისეთი ცნებები, როგორებიცაა ძალაუფლება, იერარქია, პროგრესი ან მარცხი, სწორედ სივრცით კატეგორიებზე აგებული მეტაფორების მეშვეობით გამოიხატება. ნაშრომი ანთროპოლინგვისტიკური პერსპექტივიდან იკვლევს ორიენტაციულ მეტაფორებს ქართულ პოლიტიკურ დისკურსში და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ პოლიტიკური ცნებები (ძალაუფლება, ავტორიტეტი, მოვლენათა განვითარების დინამიკა) როგორ არის მეტაფორულად წარმოდგენილიზემოთ/ქვემოთ და წინ/უკან სივრცითი ოპოზიციების მეშვეობით. კვლევა ეყრდნობა კონცეპტუალური მეტაფორის თეორიასა და დისკურს-ანალიზს, ხოლო საილუსტრაციო მასალა მოიცავს შემდეგ პოლიტიკურ ტექსტებს: პოლიტიკოსთა საჯარო გამოსვლებს, ინტერვიუებს, სოციალური მედიის პოსტებს და მედიასაშუალებების კომენტარებს. შერჩეული მეთოდოლოგია საშუალებას იძლევა, რომ დისკურსული მონაცემები ენობრივ, კულტურულ და სოციალურ ჭრილში გაანალიზდეს. ამგვარი მიდგომა კი წარმოაჩენს ენის, კულტურისა და პოლიტიკის გადაკვეთის წერტილებს და ადასტურებს, რომ: ა) ზემოთ/ქვემოთ და წინ/უკან ჯგუფის ორიენტაციული მეტაფორები ენაში ფუნქციონირებენ როგორც არა მხოლოდ შემეცნებითი ინსტრუმენტები, არამედ როგორც შეფასების მექანიზმები პოზიტიური/ნეგატიური პარამეტრების მიხედვით; ბ) პოლიტიკურ დისკურსში ადგილი აქვს ორიენტაციული მეტაფორების დომენთაშორის გადანაცვლებას, რაც შემდეგ მაგალითებში ვლინდება: სოციალური სტატუსი („ზემდგომი პირი“, „ქვედა რგოლის წარმომადგენელი“), ძალაუფლება („ზემოდან ყურება“), მორალურ ღირებულებაზე მითითება („ფსკერზე დაშვება“), განვითარების დინამიკა („ქვეყანა წინ მიიწევს“, „ქვეყანა ჭაობში ეფლობა“). ანთროპოლინგვისტიკური და დისკურსის ანალიზის პერსპექტივებიდან ქართულ პოლიტიკურ დისკურსში ორიენტაციული მეტაფორების განხილვა კულტურულად მარკირებული მნიშვნელობებისა და ეთნოსპეციფიკური შემთხვევების გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.