სტრუქტურული შეუსაბამობა სამოქალაქო კამპანიებში: კამპანიის ადაპტური არქიტექტურის მოდელი (ACAM)

Main Article Content

ლევან ქათამაძე

ანოტაცია



წინამდებარე კვლევა წარმოადგენს კამპანიის ადაპტური არქიტექტურის მოდელს (ACAM) – სადიაგნოსტიკო ჩარჩოს, რომელიც სამოქალაქო კამპანიების მარცხის უმთავრეს მიზეზად მათი ძირითადი კომპონენტების სტრუქტურულ შეუსაბამობას მიიჩნევს. სოციალური მოძრაობების თეორიაზე, სტრატეგიული კომუნიკაციის კვლევებსა და კონფლიქტების ანალიზზე დაყრდნობით, ACAM კამპანიის დიზაინს ხუთ ურთიერთდამოკიდებულ კომპონენტად აჯგუფებს: გარემო ფაქტორების შეზღუდვები, ორგანიზაციული შესაძლებლობები, აუდიტორიის დინამიკა, სტრატეგიული კომუნიკაცია და მობილიზაციის დინამიკა. ნაშრომის მთავარი  წვლილია კრისტოფერ მურის „კონფლიქტის წრის“ ინტეგრირება კამპანიის აუდიტორიის დიაგნოსტიკაში. ეს ცვლის აუდიტორიისადმი დასმულ ფუნდამენტურ შეკითხვას დემოგრაფიული სეგმენტაციიდან კონფლიქტში პოზიციონირებისკენ: არა მხოლოდ ვინ არის აუდიტორია, არამედ როგორ არის იგი განლაგებული იმ კონკრეტულ სოციალურ კონფლიქტში, რომელზე გავლენის მოხდენასაც კამპანია ცდილობს. ეს მეთოდოლოგიური ჩარჩო გამოყენებულია ორი კონტრასტული პოლონური სამოქალაქო კამპანიის მაგალითზე: „სოლიდარობა“ (Solidarność) – 1980-იანი წლების დასაწყისის მუშათა და სამოქალაქო მოძრაობა, და „პოლონეთის ქალთა გაფიცვა“ (Ogólnopolski Strajk Kobiet) – თანამედროვე უფლებადამცველი მოძრაობა, რომელიც აქტიური იყო 2016-2022 წლებში. ეს შემთხვევები შერჩეულ იქნა მაქსიმალური სტრუქტურული კონტრასტის გამო. „სოლიდარობა“ მოქმედებდა ინფორმაციის დეფიციტის, სახელმწიფო რეპრესიებისა და ორგანიზაციული არალეგალურობის პირობებში. „ქალთა გაფიცვა“ კი ფუნქციონირებდა ციფრულად გაჯერებულ, ჰიბრიდულ მედიაგარემოში, რომელიც ჩამოყალიბებული იყო ალგორითმული ფრაგმენტაციითა და ღირებულებებზე დაფუძნებული ღრმა პოლარიზაციით. შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ „სოლიდარობამ“ მიაღწია ხანგრძლივ ინსტიტუციურ გავლენას მაღალი სტრუქტურული შესაბამისობის წყალობით, უკიდურესი შეზღუდვების მიუხედავად. ამავდროულად, „ქალთა გაფიცვამ“ შექმნა არაჩვეულებრივი ხილვადობა და რეალური დისკურსული გავლენა, თუმცა გაუჭირდა პიკური მობილიზაციის გარდაქმნა მყარ ინსტიტუციურ ცვლილებად. კვლევის შედეგები ხაზს უსვამს სამ პუნქტს: ა) ხილვადობა არ განსაზღვრავს გავლენას; ბ) შეუსაბამობა თვალსაჩინო ხდება მხოლოდ კომპონენტების ურთიერთმიმართებისა და არა ცალკეული ელემენტების ანალიზით და გ) შესაბამისობა არის უწყვეტი პროცესი და არა მხოლოდ დიზაინის ეტაპზე მისაღწევი შედეგი.






 

საკვანძო სიტყვები:
კამპანიის ადაპტური არქიტექტურის მოდელი (ACAM), სტრუქტურული შეუსაბამობა, სამოქალაქო კამპანიები, სტრატეგიული კომუნიკაცია, კონფლიქტის დიაგნოსტიკა
გამოქვეყნებული: სექ 17, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
მედიანალიზი