ხორვატული მედიის პერსპექტივა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის შესახებ: ისტორიული ანალიზი 1933 -1945 წლების საგაზეთო სტატიების მიხედვით
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე ნაშრომი შეისწავლის ნაცისტური გერმანიის რეცეფციასა და რეპრეზენტაციას ხორვატიის პრესაში. მთავარ საკვლევ ამოცანას წარმოადგენს საკითხის დიაქრონიული კვლევა, თუ როგორ ასახავდნენ 1933–1945 წლების პერიოდული გამოცემები გერმანიის პოლიტიკას მეორე მსოფლიო ომამდე და შემდგომ; რა გავლენა ჰქონდა ხორვატიაში მიმდინარე ისტორიულ-პოლიტიკურ პროცესებს გერმანიისადმი დამოკიდებულებაში და რამდენად ასახავდა ხორვატული პრესა იმ პოლიტიკური სისტემების მახასიათებლებსა და იდეოლოგიურ პოზიციებს, რომლებშიც ისინი ფუნქციონირებდნენ. 1941 წლის აპრილში გერმანიისა და იტალიის შემოჭრის შემდეგ, ხორვატიის სამეფო დაიშალა და ხორვატმა ფაშისტებმა ანტე პაველიჩის ხელმძღვანელობით შექმნეს მარიონეტული სახელმწიფო NDH „ნეზავისნა დჟავა ჰრვატსკა“ („ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფო“), რომელიც არსებობდა 1945 წელს ფაშისტური ძალების დამარცხებამდე. ამ ისტორიული და პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, ნაშრომში წარმოდგენილია, თუ როგორ აღიქმებოდა „მესამე რაიხი“ აღნიშნული პერიოდის სხვადასხვა ეტაპზე. კვლევამ აჩვენა, რომ 1933–1941 წლებში ხორვატულ პრესაში დომინირებდა ნეიტრალური, ფრთხილი ან ზომიერად კრიტიკული მიდგომა, რადგან პრესა ძირითადად შიდაპოლიტიკური პრობლემებით (ხორვატიის საკითხით) იყო დაკავებული; 1941–1945 წლებში, პოლიტიკური დამოკიდებულებისა და ცენზურის გამო, ოფიციალური პრესა სრულად დაექვემდებარა ნაცისტურ პროპაგანდისტულ მოდელებს და გერმანია „მესიანისტურ ძალად“ წარმოაჩინა; პარალელურად არსებულმა იატაკქვეშა ანტიფაშისტურმა პრესამ შექმნა მძლავრი კონტრ-საჯარო სივრცე, სადაც გერმანია კაცობრიობის მტრად და აგრესორად იყო მონიშნული. 1945 წლის შემდეგ კი რადიკალურად შეიცვალა ხორვატულ პრესაში რეცეფცია ნაცისტური გერმანიისადმი – მტრისა და მოკავშირის კატეგორიები საპირისპიროდ შეტრიალდა: ა) საბჭოთა კავშირი მთავარი მტრიდან მთავარ მოკავშირედ იქცა; ბ) ფაშისტური რეჟიმის, როგორც დამარცხებული მოკავშირის, კაპიტულაციასთან მიმართებით მოახდინა დისტანცირება, რათა თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა საკუთარ კრახზე და ფოკუსირება მოეხდინა ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს (NDH), როგორც საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმური წევრის დამარცხებაზე. მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ ხორვატულ მედიაში წარმოდგენილი ნაციონალურ-სოციალისტური გერმანიის რეცეფცია ჩამოყალიბდა გაბატონებული პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად.