სამეცნიერო ჟურნალისტიკის ენა ციფრულ მედიაგარემოში (ქართული მულტიმედიური გამოცემების მიხედვით)
Main Article Content
ანოტაცია
აბსტრაქტი: წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ციფრულ მედიაგარემოში არსებული ქართულენოვანი სამეცნიერო ჟურნალისტიკის კორპუსულ-ლინგვისტურ ანალიზს Marketer.ge-სა და 1tv.ge – მეცნიერების პუბლიკაციებზე დაყრდნობით. 70 სტატიისგან შემდგარი კორპუსის ანალიზმა, რომელიც მოიცავს 27,046 ტოკენსა და 9,299 უნიკალურ ტიპს, გამოავლინა თემატური გადანაწილების, მულტიმედიური ინტეგრაციის, ჰიპერტექსტუალობის, ლექსიკური მრავალფეროვნების (TTR), ლექსიკური სიმჭიდროვისა და წაკითხვადობის ინდექსის თავისებურებები. თემატურმა ანალიზმა აჩვენა, რომ საზოგადოებრივი მოთხოვნის შესაბამისად, დომინირებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (51%) და მედიცინა (30%). სტრუქტურულმა ანალიზმა გამოავლინა ჰიპერტექსტუალობის მაღალი ინტეგრაცია – სტატიების 87%-ში გამოყენებულია ჰიპერბმულები. მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციური სიტყვების სიხშირის გამო მთლიანი კორპუსის TTR 34%-ია, ცალკეული სტატიები ავლენს განსაკუთრებით მაღალ ლექსიკურ მრავალფეროვნებასა (60%–87%) და სტაბილურ ლექსიკურ სიმჭიდროვეს (0.65–0.85), რაც მათ მაღალ საინფორმაციო ტევადობაზე მოწმობს. კვლევის უმნიშვნელოვანესი მიგნება უკავშირდება მკაფიო დარგობრივ დივერგენციას: ზუსტ მეცნიერებებთან შედარებით, ჰუმანიტარული პროფილის მედიატექსტები ხასიათდება წაკითხვადობის უფრო დაბალი ინდექსით, გრძელი სინტაქსური კონსტრუქციებითა (საშუალოდ 24.5 სიტყვა წინადადებაში) და მაღალი ლექსიკური სიმჭიდროვით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტექნოლოგიური სფეროს გაშუქებაზე მომუშავე ჟურნალისტები უფრო საფუძვლიანად ახდენენ ტექნიკური ტერმინების ადაპტაციას, მაშინ, როდესაც ჰუმანიტარული დისკურსი ინარჩუნებს სინტაქსურ სირთულეს და მეტად ეყრდნობა არაადაპტირებულ აბსტრაქტულ ცნებებს. საბოლოოდ, ციფრული სამეცნიერო ჟურნალისტიკა წარმატებით ახერხებს მკაცრი აკადემიური მონაცემების გარდაქმნას მიმზიდველ, სამეცნიერო-პოპულარულ ნარატივად.