ბერძნული სახარება-ლექციონარი Paris, BnF, grec 279 და ჟალიის (ღალიის) ქართული მონასტერი კვიპროსზე
Main Article Content
ანოტაცია
საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ბერძნული სახარება-ლექციონარი (შიფრით: grec. 279) წარმოადგენს ერთ დამატებით წყაროს კვიპროსზე მდებარე ჟალიას (ღალიას) ქართული მონასტრის შუა საუკუნეების წიგნთსაცავის ისტორიის აღსადგენად. ვინაიდან სავანეში ოდესღაც დაცული კოლექციის შესახებ მეტად მწირი ცნობები მოიპოვება, ეს შემორჩენილი კოდექსი მონასტრის ხელნაწერი მემკვიდრეობის იშვიათ და ღირებულ მატერიალურ მოწმობად გვევლინება. აღნიშნული ლექციონარის კავშირი მონასტრის წიგნთსაცავთან დასტურდება მესამე ფურცელზე ახლახან გამოვლენილი მინაწერით. ნუსხურით შესრულებული წარწერა პირდაპირ მოწმობს, რომ ხელნაწერი ჟალიას (ღიალიას) ღვთისმშობლის მონასტრის კუთვნილება იყო. გარდა ამისა, ტექსტში დაცული სავანის სახელწოდების სპეციფიკური ფონეტიკური ფორმა ბერძნულ-ქართულ ენობრივ ურთიერთმიმართებასა და წარმოთქმის თავისებურებებს ასახავს. პალეოგრაფიული ანალიზის საფუძველზე ხელნაწერს IX საუკუნით ათარიღებენ. იგი სავარაუდოდ დიდხანს ინახებოდა კვიპროსის ქართველთა მონასტერში, სანამ XVII საუკუნის მიწურულს ლუდოვიკო XIV-ის სახელმწიფო მოღვაწემ, ჟან-ბატისტ კოლბერმა, არ შეიძინა, საიდანაც იგი საფრანგეთში მოხვდა. წინამდებარე გამოკვლევა ახალ პერსპექტივას ხსნის ჟალიას (ღალიას) ქართველთა მონასტრის ბერძნული ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის საკითხში.