მიცემითბრუნვიანი აქტანტისა და ვითარებითბრუნვიანი სახელის ფუნქციურ-სემანტიკური დიფერენციაცია ძველ ქართულში: ერთი გელათური თარგმანის მეტატექსტის საფუძველზე
Main Article Content
ანოტაცია
კვლევა ეფუძნება ერთი გელათური თარგმანის მეტატექსტის ანალიზს, რომლის საფუძველზეც განხილულია მიცემითი და ვითარებითი ბრუნვების ფუნქციურ-სემანტიკური დიფერენციაცია. კვლევა აჩვენებს, რომ ამ ბრუნვებს შორის არჩევანი მხოლოდ მორფოლოგიური ხასიათის არ არის, არამედ მნიშვნელოვან სემანტიკურ დატვირთვას ატარებს: იგი განსაზღვრავს ლოგიკურ აქცენტს და გავლენას ახდენს პრედიკაციულ სტრუქტურაში განსაზღვრულ და განმსაზღვრელ კომპონენტებს შორის ურთიერთმიმართებაზე. ძველ ქართულში მიცემითი და ვითარებითი ბრუნვები ავლენენ ფუნქციურ-სემანტიკურ განსხვავებებს, რომლებიც გავლენას ახდენს სინტაქსურ ორგანიზაციაზე. მაშინ, როდესაც მიცემითი ბრუნვა გამოკვეთს რელაციურ მიმართებას ან ირიბი ობიექტის ფუნქციას, ვითარებითი ბრუნვა გამოხატავს მოქმედების განხორციელების ხასიათს ან მის თანმხლებ გარემოებას. ამ ბრუნვათა მონაცვლეობა გავლენას ახდენს პროპოზიციის პრაგმატულ სტრუქტურაზე და შესაძლებელს ხდის რთული საღვთისმეტყველო კონცეფციების უფრო ზუსტად გამოხატვას. ამგვარი აქცენტის უმნიშვნელო ცვლილებაც კი განსხვავებულ ინტერპრეტაციას ქმნის. მორფოსინტაქსური ანალიზი აჩვენებს, თუ როგორ ცვლის ამ ბრუნვებს შორის მონაცვლეობა პროპოზიციულ შინაარსსა და პრედიკატსა და მის არგუმენტებს შორის მიმართებებს. მორფოსინტაქსურ ანალიზს ავსებს შესაბამისი ძველი ბერძნული ტექსტებიდან გამოვლენილი ტიპოლოგიური პარალელები. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ძველი ქართული ენა რთული ლოგიკური მიმართებების გამოხატვის ფართო შესაძლებლობებს ფლობდა. მიცემითი-ვითარებითი ოპოზიციის დახვეწილი გამოყენება ხელს უწყობდა თეოლოგიური ტექსტების გამომსახველობითი შესაძლებლობების გაძლიერებას და შესაძლებელს ხდიდა, ერთი მხრივ, ტექსტების კონცეპტუალური სიზუსტის ასახვას, ხოლო, მეორე მხრივ, მათი შინაარსის ქართულ მორფოსინტაქსურ სისტემასთან ადაპტირებას.