სემანტიკური ტრანზიციის სინტაქსური მახასიათებლები ახალი იადგარის დიდმარხვის ჰიმნოგრაფიაში

Main Article Content

თამაზ დევიძე

ანოტაცია

სტატიაში განხილულია სემანტიკური ტრანზიციის  სინტაქსური მახასიათებლები „ახალი იადგარის“ დიდმარხვის ციკლის საგალობლებში. „ახალი იადგარი“ ჩვენამდე მოღწეული უმნიშვნელოვანესი კრებულია, რომელსაც გამორჩეული ადგილი უჭირავს ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიაში: იგი შეიცავს როგორც თარგმნილ საგალობლებს, ასევე ქართველ ჰიმნოგრაფთა პოეტურ შემოქმედებას. ძეგლის ენა, სინტაქსური თვალსაზრისით, ძალიან მრავალფეროვანია და ძველი ქართული ენის რესურსების ჟანრის სპეციფიკასთან ადაპტაციას ასახავს. სინური კოლექციის ექვსი ხელნაწერიდან (Sin. Geo. 1, Sin. Geo. 14, Sin. Geo. 26, Sin. Geo. 34, Sin. Geo. 59, Sin. Geo. 64) საბაზისოდ გამოყენებულია Sin. Geo. 1, როგორც შედარებით ძველი და სრულყოფილი წყარო. სტატიაში გაანალიზებულია ის სინტაქსური მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ჰიმნოგრაფიულ ტექსტებში ხდება სემანტიკურ შრეებს შორის გადასვლა, მაგალითად, თეოლოგიური აღიარებიდან დოქსოლოგიურ ან ვედრებით დისკურსზე. ეს ცვლილება, რომელსაც სტატიაში სემანტიკური ტრანზიცია ეწოდება, არა მხოლოდ რიტორიკული ხერხი, არამედ ტროპარული ჟანრის სტრუქტურულად კოდირებული მახასიათებელიცაა, რომელიც იდენტიფიცირებადი გრამატიკული საშუალებებით რეალიზდება. სტატიაში დასაბუთებულია, რომ „ახალი იადგარის“ ქართული ტექსტი ქმნის ავტონომიურ ენობრივ რეალობას, რადგან ბერძნული დედნის საკითხი მეთოდოლოგიურ სირთულეს წარმოადგენს. ბერძნული ტრადიცია შედარებით გვიანდელია, ხოლო დიდმარხვის ჰიმნოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილის აღდგენადი ბერძნული ორიგინალი საერთოდ არ შემონახულა. „ახალი იადგარის“ ტექსტი გამოირჩევა სტაბილურობით – რედაქციული სხვაობანი სინურ წყაროებს შორის იშვიათია და ძირითადად მცირე ორთოგრაფიული და მორფოფონოლოგიური განსხვავებებით შემოიფარგლება, რაც კიდევ უფრო ამყარებს Sin. Geo. 1-ის, როგორც საბაზისო წყაროს, სანდოობას. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ სემანტიკური ტრანზიცია სინტაქსურ დონეზე უპირატესად რეალიზდება მოდალობის, პრედიკატული სტრუქტურისა და გარემოებითი დამოკიდებული წინადადებების განლაგების ცვლილებით. მიღებული შედეგები გააზრებულია ძველი ქართული სასულიერო პოეზიის სინტაქსური კვლევის ფართო კონტექსტში.

საკვანძო სიტყვები:
ახალი იადგარი, ჰიმნოგრაფია, ძველი ქართული, სემანტიკური ტრანზიცია, სინტაქსი, მოდალობა, დიდი მარხვის ტროპარია
გამოქვეყნებული: Sep 17, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
ლინგვისტიკა