Zviad Gamsakhurdiaʼs Political Speeches Regarding Ethnic Minorities of Abkhazia and Ossetia

Main Article Content

Anastasia Kamarauli

Abstract

წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილი კვლევა თეორიული თვალსაზრისით ნაწილობრივ ეფუძნება კონსტრუქტივიზმს. ამ პერსპექტივიდან სამყარო, აზროვნება და ენა ურთიერთქმედებენ ციკლურ რეჟიმში, რომელშიც სამყარო განსაზღვრავს ჩვენს აზროვნებას, ის კი, თავის მხრივ - ენას. შედეგად, სამყაროს აღქმა ხორციელდება ენის მეშვეობით, რომელიც დეტერმინირებულია აზროვნებით. ჩვენი მოსაზრებით, ამ ციკლზე გავლენის სხვადასხვა საშუალება არსებობს; მაგალითად, შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი მოსაზრებების ენობრივი რეალიზაცია კონკრეტულ ფაქტთან ან თემასთან მიმართებით და ამით შევცვა-ლოთ მისი აღქმა. საბოლოოდ, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ფაქტების/თემების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და, შესაბამისად, ჩვენი მოქმედების გზაც.


სტატიაში განხილულია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლები ეთნიკური უმცირესობების შესახებ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მზარდი ტერიტორიული კონფლიქტის ფონზე. ჩვენი ინტერესი აღნიშნული საკითხისადმი გამოწვეული იყო სურვილით, ემპირიულად შეგვესწავლა სამეცნიერო ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული მოსაზრების ვალიდურობა, რომლის მიხედვითაც, ზვიად გამსახურდია სიძულვილის ენას იყენებდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეფასებას პოლიტოლოგები საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში უკვე 30 წელზე მეტია იზიარებენ, ჯერ არავის შეუსწავლია აღნიშნული საკითხი ემპირიულად და არც სისტემური ანალიზი არ არსებობს ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ენის შესახებ.


შესაბამისად, აღნიშნული მოსაზრება ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდს ეფუძნება. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მეტყველების ემპირიულად დასაბუთებული და მეთოდოლო-გიურად გამართული სისტემური ანალიზის არარსებობა იმითაც იყო განპირო-ბებული, რომ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ენის მთლიანობაში შესწავლა მხოლოდ რამდენიმე წელია შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც ქართული ენის ეროვნულ კორპუსში შეიქმნა პოლიტიკური ტექსტების ქვეკორპუსი, რომელშიც ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური გამოსვლები შედარებით სრულად არის ასახული, რაც პოლიტიკოსის მეტყველების შესწავლის შესაძლებლობას გვაძლევს კორპუსლინგვისტური მეთოდების გამოყენებით.


კვლევის პროცესში რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის საშუა-ლებით შესაძლებელი გახდა იმის დადგენა, რომ არსებული მონაცემების საფუძველზე ის ზოგადი ვარაუდი, რომლის მიხედვითაც ეთნიკური უმცირესო-ბების მიმართ პრეზიდენტი სიძულვილის ენას სისტემატურად იყენებდა, არ დადასტურდა. თუმცა ზვიად გამსახურდიას გამოსვლების ენობრივმა ანალიზმა გამოავლინა მისივე განსხვავებული დამოკიდებულება ეთნიკურ უმცირესო-ბებთან დაკავშირებით, რაც დაწვრილებით არის წარმოდგენილი სტატიაში.


ჩვენი კვლევის ძირითად ობიექტს წარმოადგენდა გამსახურდიას გამოსვლები, რომლებშიც საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტებს ეხება. როგორც მასალის ანალიზმა გვიჩვენა, გამსახურდია თავის პოლიტიკურ გამოსვლებში უმეტესად ყურადღებას ამახვილებს კონფლიქტის პოლიტიკურ ასპექტზე, ვიდრე ეთნიკურ საკითხზე. თუმცა მის მიერ გამოყენებული ეთნიკური, ისტორიული თუ პოლიტიკური ტერმინების ანალიზი გვავარაუდებინებს, რომ მას განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა ოსეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის მიმართ, ვიდრე აფხაზეთში მიმდინარე პროცესების მიმართ. იგი არაიშვიათად იყენებს ფრაზას „ე.წ. სამხრეთი ოსეთი“ ან აღნიშნული რეგიონის ისტორიულ სახელწოდებას _ შიდა ქართლი, თუმცა ეს ლინგვისტური დელეგიტიმაციის სტრატეგია მხოლოდ პოლიტიკურ დონეზეა გამიზნული და არა ეთნიკურ დონეზე. უმეტეს შემთხვევაში ზვიად გამსახურდია იყენებს ნეიტრალურ ფორმულირებას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ, ზოგადად, ეთნიკური უმცირესობებისადმი მის უარყოფით დამოკიდებულებაზე აქაც არ შეიძლება საუბარი.
თუ შევადარებთ სიტყვების ერი, ხალხი და მოსახლეობა გამოყენების სიხშირეს, აშკარად იკვეთება ის ფაქტი, რომ ზვიად გამსახურდია თავს არიდებს კონფლიქტის კონტექსტში ერის გამოყენებას და აფხაზებთან, ასევე ოსებთან მიმართებით ისეთ ნეიტრალურ ტერმინებს იყენებს, როგორიც არის ხალხი ან მოსახლეობა. კონცეპტი ერი გამოყენებულია ქართველებთან მიმართებით, თუმცა აქაც უნდა ითქვას, რომ პოლიტიკოსი ძირითადად მაინც ნეიტრალურ ფორმულირებას ამჯობინებს და ამ შემთხვევაშიც იყენებს სიტყვას ხალხი.


აფხაზეთისა და ოსეთის სეპარატისტული მოძრაობის შესახებ ზვიად გამსახურდიას გამოსვლების შედარებამ ცხადყო, რომ უარყოფითი სენტიმენტის გადმომცემი სიტყვები სჭარბობს ოსთა სეპარატიზმზე საუბრისას: აქ ვხვდებით ისეთ კოლოკანტებს, როგორებიცაა ტერორისტი, ბანდიტი, სეპარატისტი. აფხაზებზე საუბრისას მის მეტყველებაში მხოლოდ სეპარატისტი დასტურდება. ჩვენ მიერ გამოყენებული ემპირიულ მონაცემთა ბაზა არ არის სრული და არ მოიცავს ზვიად გამსახურდიას ყველა გამოსვლას, მაგრამ არსებული ემპირიული მასალების ანალიზიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი ოსეთის სეპარატისტული მოძრაობის მიმართ მეტად უარყოფითა-დაა განწყობილი, ვიდრე - აფხაზეთის მიმართ.


განსხვავებით საზოგადოდ გავრცელებული ვარაუდისა, რომ გამსახურდია სიძულვილის ენას იყენებდა ეთნიკური უმცირესობების მიმართ, ემპირიული მასალის ანალიზმა სრულიად სხვა სურათი გვიჩვენა: იგი არაერთხელ ეხება მეგობრულ და ძმურ კავშირს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის და არაერთხელ აღნიშნავს ხაზგასმით, რომ კავკასიის ხალხები ყოველთვის მშვიდობიანად ცხოვრობდნენ და თანაარსებობდნენ და რომ არსებული კონ-ფლიქტები მხოლოდ საბჭოთა აგიტაციის შედეგია. ამასთან, გამსახურდიასთვის კონფლიქტი, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური ხასიათისაა. როგორც ემპირიული მასალის ანალიზმა გვიჩვენა, ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით უარყოფითად საუბრისას ეს ეხება პოლიტიკურ ასპექტს და არა - ეთნიკურს.


ზვიად გამსახურდიას გამოსვლების თვისებრივი ანალიზი გვიჩვენებს, რომ იგი საქართველოს განიხილავს, როგორც მრავალფეროვან ეთნიკურ სახელმწიფოს, რომელიც მიესალმება ყველას, ვინც აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს მნიშვნელოვანი პუნქტია, რადგან ცხადყოფს, რომ მისთვის ეთნიკური წარმომავლობა გადამწყვეტი არ არის, მისთვის არსებითია დამოუკიდებელი ქართველი ერისადმი ერთგულება. ამით ის მიჰყვება ილია ჭავჭავაძის შეხედულებას ერზე, რომელიც შედგება სამი უმნიშვნელოვანესი კონცეპტისაგან: ენა, მამული და სარწმუნოება და რომლისთვისაც ეთნიკური კომპონენტი შეუსაბამოა.


საინტერესოა ისიც, რომ გამონათქვამი „საქართველო – ქართველებს“, რომლის ავტორადაც არაერთხელ არის დასახელებული ზვიად გამსახურდია, ვერბალურად მის გამოსვლებში არსად არ დასტურდება. ის ორი პასაჟი, რომლებიც ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მეტყველების ქვეკორპუსში იძებნება, ციტირებაა, რომლებშიც გამსახურდია ამ შესიტყვების შესახებ საუბრობს. ორივე შემთხვევაში იგი კატეგორიულად უარყოფს ამ გამონათქვამს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მას „მიაწერეს“. იგი არაერთხელ აცხადებს, რომ მისთვის საქართველო არის მრავალეთნიკური სახელმწიფო, რომელშიც სხვადასხვა ხალხი ყოველთვის მშვიდობიანად თანაცხოვრობდა და მისი სურვილია, რომ ასე გაგრძელდეს მომავალშიც. ემპირიული მასალის ანალიზი ცალსახად გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით პოლიტიკოსის შესახებ არსებული ზოგადი მოსაზრება არ შეესაბამება სიმართლეს.


კვლევის შედეგები ცხადყოფს ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური გამოსვლების უფრო ღრმა და საფუძვლიანი შესწავლის აუცილებლობას თანამედროვე მეთოდების გამოყენებით და საკმაო საფუძველს გვაძლევს იმისათვის, რომ საყოველთაოდ გაზიარებული მოსაზრება აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტში ზვიად გამსახურდიას როლის შესახებ გადაიხედოს. პარალელურად, პასუხს მოითხოვს ლოგიკური კითხვა, თუ როგორ ჩნდება ასეთი შეუსაბამობა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური გამოსვლების აღქმასა და მათ რეალურ შინაარსს შორის.


სტატიაში ასევე ნაჩვენებია, თუ რა შესაძლებლობები არსებობს დღეს ქართული პოლიტიკური მეტყველების სისტემური კვლევის თვალსაზრისით ქართული ენის ეროვნული კორპუსის სახით და რომელ სფეროებში საჭიროებს იგი შემდგომ განვითარებას.

Published: Dec 20, 2023

Article Details

Section
IV. Political Linguistics