Approximative Verbs: A Symbiosis of the Nominal and the Verbal Domain (on the Example of the Georgian Language)

Main Article Content

Mariam Kamarauli

Abstract

ქართულ ენას თავისი ისტორიული განვითარების განმავლობაში ყოველ-თვის ახასიათებდა თავისებურებები, როგორებიცაა ორმაგი ან სამმაგი ბრუნე-ბის ფენომენი (ე.წ. suffixaufnahme), რომელიც სახელურ დომენებში სახელური ფრაზის შემადგენელი კომპონენტების მორფოსინტაქსურად მარკირებული სტრუქტურის განსაკუთრებულ შემთხვევაა პოსტპოზიციურ წყობაში; ან დეიქტური ზედსართავი სახელების პოვნიერება, რომელიც წარმოადგენს ჩვენებითი ნაცვალსახელებისა და ზედსართავ სახელთა სიმბიოზს (Kamarauli 2022: 29, 76). ორივე აქ დასახელებული ფენომენი სახელური დომენების თავისებურებებს ასახავს, თუმცა ქართულში ზმნური დომენებიც ხასიათდებიან განსაკუთრებუ-ლი თავისებურებებით. წინამდებარე ნაშრომში განხილულია ქართული ენისათვის დამახასიათებელი თავისებურებების ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა - სახელური და ზმნური დომენების სიმბიოზი, კერძოდ, ზმნურ ფორმებში სახელური მორფოლოგიის გრამატიკული ელემენტების გამოყენების შემთხვევები, რომლებსაც შემდგომში აპროქსიმატულ ზმნებს ვუწოდებთ. აპროქსიმატულ ზმნებში იგულისხმება „მომიბოდიშასავით“ ტიპის ზმნური ფორმები, ანუ ის შემთხვევები, როდესაც ზმნის პირიან ფორმას მიცემითი ბრუნვის ნიშანი -ს(ა) დაერთვის -ვით თანდებულთან ერთად და ახდენს ზმნით გადმოცემული მოქმედების სე-მანტიკის მოდიფიკაციას.


აღნიშნული ფენომენი, ანუ სახელური მორფოლოგიის ელემენტების გამოყენება ზმნურ ფორმებში, დადასტურებულია ჯერ კიდევ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში, სადაც -ვით თანდებულიან ფორმებს საბა ზმნათა შინა-არსის განმარტების მიზნით იყენებს. მაგ.: გააჩუმა - დაადუმასავით. როგორც ზ. ჯაფარიძე მიუთითებს, -ვით თანდებულის გამოყენება ზმნებთან საბასთვის სიტყვის მნიშვნელობაზე სინონიმური სიტყვით მითითების ხერხია და „განსა-მარტავი“ და „განმარტებული“ სიტყვების მსგავსებაზე მიუთითებს (Ǯapariʒe 1963: 95). ამგვარი ფორმები სამეცნიერო ლიტერატურაში განხილული აქვს ვ. იმნა-იშვილსაც. მასვე ეკუთვნის -ვით თანდებულის ფუნქციური სემანტიკის დადგენა ზმნებთან, გამოხატოს ზმნით გადმოცემული შინაარსის სემანტიკური მსგავსება, ანალოგია, იდენტურობა.


საკვლევი საკითხის კორპუსლინგვისტურმა ანალიზმა, romelic ეფუძნება კორპუსულ კვლევებს (განსახილველად გამოტანილი ფორმები მოპოვებულია ქართული ენის ეროვნულ კორპუსში), გვიჩვენა, რომ გარდა სახელობითი (თან-ხმოვანფუძიან სახელებთან) და მიცემითი (ხმოვანფუძიან სახელებთან) ბრუნვის ფორმებისა, -ვით თანდებული გამოიყენება ასევე ნათესაობით ბრუნვაში. კორ-პუსში დადასტურდა პარალელური ხმარების შემთხვევებიც:
შდრ.:
(1) „თვალს სტაცებდა კოხტა ეკლესია-მონასტრები, შეაბჯრული ვაჟკაცივით, გორაზე“.
(2) „კარგი, ბალღო, კარგი! ბალღი ხარ, მაგრამ ვაჟკაცსავით ლაპარაკობ“.
(3) „ეს ოთხმოცი წლისა იყო და ისევ ვაჟკაცისავით შეძლება ჰქონდა“.
-ვით თანდებულიანი პარალელური ფორმების არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ სინტაქსურ ფუნქციას (ნათესაობითში დასმული მსაზღვრელი: ვაჟკაცის შეძლება) შეუძლია გადალახოს მორფოლოგიური წესი (-ვით თანდებული თან-ხმოვანფუძიან სახელებთან, როგორც წესი, სახელობით ბრუნვაში გვხვდება) და გაიფართოვოს გამოყენების არეალი (-ვით თანდებული გამოიყენოს მიცემით და ნათესაობით ბრუნვებთან).
როგორც აღინიშნა, -ვით თანდებული ხმოვანფუძიან სახელებს მიცემით ბრუნვაში დაერთვის. სახელური მორფოლოგიისათვის დამახასიათებელი ელე-მენტების ეს კომბინაცია (მიცემითი ბრუნვის ნიშანი -სა + თანდებული -ვით) დადასტურდა ზმნებშიც. მორფოლოგიური ელემენტების კომბინაცია -სავით და-ერთვის ზმნურ ფორმებს და იწვევს ზმნით გადმოცემული მოქმედების სემანტიკის მოდიფიკაციას _ გადმოსცემს აპროქსიმატულობას:
(4) „მართლა ასე მოგეწონა? გამიღიმასავით.
(5) „დღისით მაღაზიებში დადიოდა, რეცხავდა და ინგლისურში მეცადინეობდა-სავით.
(6) „რაღაც ხმაური მომესმა, ცოტა შემეშინდასავით და წამოვდექი.“
ქართული ენის ეროვნულ კორპუსში დადასტურებულმა მაგალითებმა და გრამატიკულმა მახასიათებლებმა აჩვენა, რომ ქართულში აპროქსიმატულობის კატეგორია არ შემოიფარგლება გარკვეული დროით, გვარით, პირითა და რი-ცხვით; იგი გვხვდება როგორც გარდამავალ, ისე გარდაუვალ ზმნებთან. შდრ.: მოგვიბოდიშასავით, მოიბოდიშასავით, მომიბოდიშასავით, მოუბოდიშასავით; გაამართლასავით, იმართლასავით, იმართლებდასავით, იმართლებოდასავით.
ქართული ენის ეროვნული კორპუსის მონაცემების მიხედვით, აპროქსიმა-ტულობის ფუნქციური ელემენტის -სავით გამოყენების სიხშირე არა მარტო საგრძნობლად გაიზარდა თანამედროვე ქართულში, არამედ გაიფართოვა კიდეც გამოყენების არეალი _ იგი შეიძლება დაერთოს არა მარტო ცალკეულ ზმნურ ფორმებს (სხვადასხვა პირში, რიცხვსა და მწკრივში), არამედ სინტაქსურ კონ-სტრუქციებს _ ზმნურ ფრაზებსა და წინადადებებსაც კი. ასეთ შემთხვევაში გვაქვს ე.წ. აპროქსიმატული კონსტრუქციები. ამის ნათელი მაგალითია შემდეგი წინადადებები:
(7) „დედაჩემის კრებებზე თითქოს სიმშვიდეა კი არა, უფრო კარგია-სავით“.
(8) „თუმცა ძაან გამიჭირდა, ...მაინც შევძელი და ვითომც-არაფერია-სავით ფული ვთხოვე“.
(9) ყოვeლთვის მინდოდა დამეწერა რამე მარკესაზე, მაგრამ რამდენჯერაც დავწერე, დავხიე, _ ყალბი იყო, _ არ-მეკადრებოდა-სავით.
(10) „დედა კი დილით არათუ გამოკეთდება ხოლმე, ვითომ-წუხელ-არაფერი-მჭირდა-სავით წამოფრინდება და იატაკის წმენდას იწყებს“.
მიუხედავად იმისა, რომ ზმნურ ფორმებში დადასტურებული სახელური მორფოლოგიური ელემენტების კომბინაცია -სავით სახელური დომენიდან მო-დის, ზმნა/ზმნური ფრაზა მაინც ინარჩუნებს პრედიკაციის ფუნქციას, თუმცა განიცდის სემანტიკურ მოდიფიკაციას გადმოსცემს ზმნით გადმოცემული მოქმედების აპროქსიმატულობას, რაც გვავარაუდებინებს, რომ მიცემითი ბრუნვის ნიშანმა -ვით თანდებულთან ერთად გაიარა გრამატიკალიზაციის პროცესი, რის შედეგადაც წარმოიქმნა ლექსიკური მოდიფიკაციის ელემენტი, რომელიც ემსახურება აპროქსიმატულობის გადმოცემას.
სახელურ მორფოლოგიაში დადასტურდა ერთი განსაკუთრებული შემთხვე-ვა, როდესაც სახელური მორფოლოგიური ელემენტების კომბინაცია -სავით არსებით სახელს დაერთვის მოთხრობით ბრუნვაში:
(11) „... და მყარად განსაჯა კიდეც, ასეც, გაბუტულ-მა-სა-ვით“.
ამ წინადადებაში გაბუტულმასავით ზმნური მოდიფიკატორის ფუნქციას ასრულებას (გაბუტულმასავით განსაჯა შდრ.: გაბუტულმა განსაჯა). ეს შე-მთხვევა უაღრესად საინტერესოა: მოთხრობით ბრუნვაში დასმულ მიმღეობას გაბუტული დაერთვის მორფოლოგიურ ელემენტთა კომბინაცია -სავით და მი-მღეობურ ფორმას გარდაქმნის ზმნიზედურ ფორმად. ამ შემთხვევის განსაკუთ-რებულობა ფუნქციურ-სემანტიკური თვალსაზრისით იმაში მდგომარეობს, რომ გარდამავალ ზმნასთან მოთხრობითი ბრუნვის ნიშანი -მა კვლავაც ახორციე-ლებს სახელის მორფოსინტაქსურ შეთანხმებას ზმნასთან °[გაბუტულმა (AERG) განსაჯა (Vtr)], თუმცა სემანტიკურ-პრაგმატული თვალსაზრისით ზმნა მოდიფი-კაციას განიცდის და გადმოსცემს ზმნით გადმოცემული მოქმედების აპროქსი-მატულობას.
როგორც განხილული მაგალითების ანალიზმა გვიჩვენა, ქართულ ენას გააჩნია უნარი ზმნური და სახელური დომენების სიმბიოზისა, რასაც აპროქსი-მატულობის გადმოსაცემად ზმნებში სახელური მორფემების გამოყენება ადას-ტურებს.
აპროქსიმატული ზმნებით გადმოცემული სემანტიკა მრავალფეროვანია: სე-მანტიკურ-პრაგმატულად მათ შეუძლიათ გამოხატონ მიახლოებითობა, ეპისტე-მური მოდალობა, მცდელობა ან კონტექსტური მტკიცებულება (სავარაუდოდ, არსებობს კიდევ უფრო მეტი სემანტიკური ფუნქციები). გრამატიკულად ისინი წარმოდგენილი არიან მრავალფეროვანი ფორმით _ სხვადასხვა გვარის ზმნებ-ში, განსხვავებულ მწკრივებსა და სერიებში, სხვადასხვა პირისა და რიცხვის ფორმებით. სემანტიკურ-პრაგმატული ფუნქციების დადგენა შესაძლებელია პე-რიფრაზირების მეშვეობით, სინონიმური კონსტრუქციების ჩანაცვლებით, სუბ-სტიტუციის მეთოდის გამოყენებით; მაგ., ზმნა „მცდელობა“ შეიძლება გამოვი-ყენოთ აპროქსიმატული ზმნების პერიფრაზისთვის მცდელობის სემანტიკური ფუნქციით; ზმნიზედა „ვითომ“ და „თითქოს“ შეიძლება გამოყენებულ იქნეს აპროქსიმატული ზმნების პერიფრაზისთვის მტკიცებულების სემანტიკური ფუნ-ქციით; ასევე დადასტურდა, რომ აპროქსიმატული ზმნები ხშირად ემთხვევა ზოგიერთ სხვა ფუნქციურ ელემენტს, როგორიცაა მაგალითად, ფუნქციური ელემენტები ვითომ, თითქოს, არასპეციფიკური ფუნქციური ელემენტები რაღაც, რაღაცნაირად ან შეფასების ფუნქციური ელემენტები პატარა, ცოტა, კიდევ უფ-რო.


საკითხი, რასაკვირველია, შემდგომ კვლევას მოითხოვს ქართულში აპროქსიმატულობის, როგორც გრამატიკული კატეგორიის, გადმოცემის თვალსაზრი-სით, რაც კვლევის შემდგომ ეტაპზე არის დაგეგმილი.

Published: Dec 20, 2023

Article Details

Section
II. Functional Grammar